2025 წლიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აკრედიტაცია გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტების ქონას.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ 10 წლის განმავლობაში 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა 7 მილიარდამდე ლარით დააფინანსა.
სახელმწიფო აგრძელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობას, რათა პროგრამის რესურსით კიდევ უფრო ეფექტურად მოხდეს მოსახლეობის მრავალმხრივი საჭიროებების მოცვა. სწორედ ამ მიზნით, პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი მოქმედებს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები, კარდიოქირურგია, გეგმური ქირურგიული მომსახურება, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ონკოლოგია, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, იმუნიზაცია, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, აუცილებელი გამოკვლევები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები.