მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსებაზე შემოსული განცხადებების განხილვის პროცესი დაიწყო, პროექტის ფარგლებში დაახლოებით 60-მდე ბენეფიციარი დაფინანსდება, - აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.
„ახალი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარია, ფერმერებისათვის იქნება დამატებითი შესაძლებლობა, მიიღონ ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომლითაც შეძლებენ სხვადასხვა აგრო-ტექნიკური სამუშაოების შესრულებას მსოფლიოში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტებისა და შესაბამისი აგროვადების დაცვით. პროგრამა ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტზე, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა. პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარე წლის მარტშიც დაიწყება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტექნიკის თანადაფინანსებას შემდეგი პირობებით: კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა უნდა იყოს ბარში, არანაკლებ 10 და ისინი ჯამურად უნდა ფლობდნენ არანაკლებ 20 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას.
მაღალი მთის შემთხვევაში ეს რიცხვები ნახევრდება - მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს 5-ს და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი კი, 10- ჰა-ს.
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება გაიცემა 50 %-ის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხით კოოპერატივს და მათ მეპაიეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, სადაც სუბსიდირების სახით სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.