საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჩინეთთან ფრენები აიკრძალება, უხანიდან კი, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება. ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში, ამ დროისთვის, ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა, აქტიური პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მაინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კორონავირუსის გაჩენის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
„ჩვენ, იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რომ დაავადების გავრცელების რისკი ძალიან დაბალია. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხე შეიძლება არ დადგეს. სწორედ ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი დავიყვანოთ მინიმუმადე. მსოფლიო, ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს და ბუნებრივია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ვირუსის პრევენციულ ღონისძიებებში ჩვენც აქტიურად ვართ ჩართულები,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეწყვეტის შესახებ საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც.
„ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები ჩართულები ვართ ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე ხორციელდება სკრინინგი, თუმცა, ვფიქრობ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.