მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდეებს, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე.
„იმ შემთხვევაში, თუ თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატის შეძენისას სააფთიაქო ქსელებში შეგექმნათ გარკვეული ბარიერი, ფარმაცევტული კომპანიისგან ვერ მიიღეთ ინფორმაცია მედიკამენტის სარეალიზაციო ადგილისა და ღირებულების შესახებ, პრეტენზიის დასაფიქსირებლად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 1505 ან გადმოგზავნოთ ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე info@moh.gov.ge“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები ევროპულთან შედარებით ბევრად იაფი ღირს.