მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მწერალთა სახლში ღონისძიება გაიმართა. თანამედროვე გორელმა ავტორებმა მშობლიური ენის დღე ყველა ერს მიულოცეს.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მწერალთა სახლის მხარდაჭერით და მონაწილეობით განხორციელდა.
„აღნიშნული თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღეს სამი თაობის, სამი ენის სინთეზი ისმოდა გორის მწერალთა სახლშიც. ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული, ოსური და არაბული პოეზია“, - განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ცნობისთვის, მშობლიური ენის საერთაშორისო დღის დაწესება 1952 წლის 21 თებერვალს ბანგლადეშში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ბენგალიურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს ოთხი სტუდენტი დაიღუპა.