გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში, მუზეუმების ხელმძღვანელებს და გიდებს მადლობის სიგელები გადაეცათ
გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუზეუმების ხელმძღვანელებს და გიდებს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
„ჩვენს მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი აქვს. თვითმმართველობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ განავითაროს აღნიშნული სფერო. ამიტომ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ გიდებს, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტული ადგილების პოპულარიზაციაზე ზრუნავთ, ასევე ჩვენი სააგენტოს ტურიზმის განვითარების განყოფილების და მუზეუმების თანამშრომლებს, კერძო სექტორს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.
ღონისძიება კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.
გეტყვით, რომ გიდების საერთაშორისო დღე - 21 თებერვალი, 1985 წლიდან მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღინიშნება.