კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებისთვის გასაყიდ პროდუქციაზე საჯაროდ ფასის მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს.
სააგენტოს ინფორმაციით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად (მათ შორის სოციალურ ქსელში) ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.
„ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ: საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია; საქონელი იყიდება აუქციონზე; გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი.
იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება სარეკლამო პოლიტიკას, სააგენტოს განმარტებით, რეკლამაში, რომელშიც გასაყიდი ფასია მითითებული, თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს ასევე ერთეულის ფასი. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟის და სხვა) ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია, უნდა მიეთითოს მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას.