საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ნებისმიერი ადამიანისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, თუმცა, ბოლო პერიოდში, ძალზე ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბინების სარეალიზაციო ფასმა მკვეთრად მოიმატა. GMnews-ი დაინტერესდა, რამდენად დიდი მოთხოვნაა გორში დასაგირავებელ და გასაქირავებელ ბინებზე, ასევე, შეძენაზე, რამდენად მზარდია მოთხოვნა და აკმაყოფილებს თუ არა მიწოდება ამ მოთხოვნას.
GMnews-მა დეტალური ინფორმაციის მოპოვება უძრავი ქონების სააგენტოებთან სცადა.
შეიცვალა თუ არა ბინების ფასები, რა უფრო განსაზღვრავს ღირებულებას - ადგილმდებარეობა თუ რემონტის და კომფორტის ხარისხი, რომელ უბანში უფრო მეტი მოთხოვნააა და ა.შ.
უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, გორში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით გაიზარდა ბინების ყიდვის მოთხოვნა, თუმცა, შეძენის მსურველთა რაოდენობას კიდევ უფრო აჭარბებს ქირით ან გირაოს მეშვეობით ბინის მაძიებელთა რიცხვი.
უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, ბინის დაქირავების მსურველები უფრო ხშირად ერთოთახიანებზე აკეთებენ აქცენტს.
ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარე ერთოთახიან, გარემონტებულ, საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვილ კომფორტულ ბინას 400 ლარად იქირავებთ, ამავე ტერიტორიაზე, თუმცა, ნაკლები კომფორტით, ბინის ქირაობა შესაძლებელია 250-300 ლარის ფარგლებშიც.
რაც შეეხება გორის გარეუბნებში ერთოთახიანი ბინის ქირის ფასებს, კომფორტის, ტექნიკური აღჭურვილობისა და რემონტის მიხედვით, 200-დან 300 ლარის ფარგლებშია.
ერთოთახიანი ბინის გირაოთი აღების ფასები 5-6 000 აშშ. დოლარია; გაზრდილია მოთხოვნა ოროთახიანი ბინების დაგირავებაზე და ყიდვა-გაყიდვის ბიუროების ინფორმაციით, მოთხოვნის გაზრდის შესაბამაისად, მოიმატა ფასებმაც და წინა წლებში თუ შესაძლებელი იყო ოროთახიანის 7-8 000 აშშ. დოლარად გირაობა, ახლა, ოროთახიანის გიარობა 10 000 აშშ. დოლარზე ნაკლებ ფასად პრაქტიკულად შეუძლებელია. სამოთახიანის გირაობა კი, 10-15 ათასი დოლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება გორში ბინის შეძენის მსურველთა მოთხოვნას, უბნების მიხედვით, მოთხოვნა ამგვარად ფიქსირდება:
1 - გორის ცენტრალური უბანი;
2 - წმინდა წყლის დასახლება;
3 - კომბინატის დასახლება;
4 - ვერხვების დასახლება;
5 - ჭალის დასახლება;
6 - კვერნაქი - რკინიგზის სადგურის დასახლება.
გორში, სხვადასხვა უბანში, ძველი რემონტის მქონე ერთოთახიანი ბინის ფასი 11-13 000 აშშ. დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ქალაქის ცენტრში მდებარე გარემონტებული, კომფორტული ერთოთახიანი კი, 15-18 000 აშშ. დოლარი ღირს; ამავე უბანში, ოროთახიანი და სამოთახიანი ბინების შეძენა 32 000 – 35 000 დოლარზე ნაკლებად შეუძლებელია, რაც შეეხება სხვა უბნებს, ე.წ. დეესკის ბინებში ოროთახიანის ფასი დაახლოებით 15 000 დოლარით განისაზღვრება, აგურით ნაშენ კორპუსებში კი - ოროთახიანი ბინების ფასი 18 000-დან იწყება.
რაც შეეხება სამოთახიან ბინებს, ადგილმდებარეობისა და სხვა დეტალების გათვალისწინებით, ფასები 23 000 დოლარიდან იწყება.
რაც შეეხება არჩევანს ახალაშენებულ და ძველ ბინებს შორის, ახალ ბინებზე მეტი მოთხოვნაა, რაც განპირობებულია უკეთესი პროექტებით, კორპუსებში არსებული კომუნიკაციებით (ლიფტი, ინტერნეტი, ტელევიზია), საცხოვრებელი ფართის ჭერის სიმაღლით.
უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, გორში, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მიწოდება მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.