შიდა ქართლში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში - გორში, კასპში, ქარელსა და ხაშურში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, რეგიონის ქალაქების გარდა, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს მაღალმთიან ზონაში არსებულ დასახლებულ პუნქტებში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ და რეგიონის სხვა სოფლებში მისასვლელ გზებზე.
,,როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს არაერთ რეგიონში და მათ შორის შიდა ქართლშიც, მოვიდა საკმაოდ დიდი ნალექი თოვლის სახით, რამაც არაერთ რაიონში შეგვიქმნა გარკვეულწილად გადაადგილების პრობლემები. ოთხივე მუნიციპალიტეტმა დროულად მიიღო ზომები, შესაბამისად, მობილიზებულია ტექნიკა, გზები დამუშავდა ტექნიკური მარილით. გაწმენდილია ცენტრალური გზები და გზაჯვარედინები და აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო გზების წმენდა. ვიმედოვნებთ, რომ უმოკლეს დროში მოხდება გზების სრულყოფილად გაწმენდა და მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.