კულტურა
28.01.2020 13:40
„შეცვალე“ - გ. ერისთავის სახელობის თეატრი საქველმოქმედო ჩვენებას გამართავს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში, სპექტაკლის - „შეცვალე“ ჩვენება გაიმართება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით ჩხარტიშვილის თქმით, წარმოდგენა საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხით, ვარიანში მცხოვრებ ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარებიან.

„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, გარკვეული ცრუ ინფორმაცია აგორდა იმის შესახებ, თუ რატომ მოიხსნა ზემოხსენებული სახელწოდების სპექტაკლი რეპერტუარიდან. მავანმა, სპექტაკლის სახელწოდება რატომღაც ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის სლოგანს დაუკავშირა, რამაც გარკვეულწილად იმოქმედა და სპექტაკლის შინაარსთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი გაზარდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ფაქტი სასიკეთოდ გამოგვეყენებინა და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხით ვარიანში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ თულოშვილების ოჯახს - ბებიასა და მშობლების გარეშე დარჩენილ სამ მცირეწლოვანს დავხმარებოდით“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას დავით ჩხარტიშვილმა.
ცნობისთვის, გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, აღნიშნული სცენარი ალენა ივანიუშენკოს ნაწარმოების - ,,ალისა თოვლის ქვეშ“ მიხედვით დადგა და ახალი შემოქმედებითი სეზონი სწორედ ამ სპექტაკლით გახსნა. ერთმოქმედებიან პიესაში, გ. ერისთავის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობები: ქეთი ლუარსაბიშვილი, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, ზაზა ცარულაშვილი, ლიკა კევლიშვილი, სოსო მგალობლიშვილი და თეკლა მარჯანიშვილი მონაწილეობენ.

კვირის ამბები