საზოგადოება
17.02.2023 16:09
თბილისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალმა ავტობუსმა 1,5 საათით დაიგვიანა, რის გამოც 87 მგზავრი ბერლინში ვეღარ გაფრინდა

უამინდობის გამო, თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე გადაადგილებისას წარმოქმნილი საცობების და გარკვეული შეფერხებების გამო, თბილისიდან ქუთაისში მიმავალმა ავტობუსმა, რომელსაც მგზავრები აეროპორტის მიმართულებით გადაჰყავდა, დაახლოებით 1,5 საათით დაიგვიანა, რის გამოც 87 მგზავრი ქუთაისი-ბერლინის რეისზე დროულად ვერ გამოცხადდა და შესაბამისად, ვერ გაფრინდა. ამ ფაქტმა მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი აცხადებენ, რომ თვითმფრინავი მგზავრებს საათნახევრის განმავლობაში ვერ დაელოდებოდსა, შესაბამისად, ავიაკომპანია  „WizzAir-ის“ კუთვნილი თვითმფრინავი ბერლინის მიმართულებით მხოლოდ 98 მგზავრით გაფრინდა.

,,87-მა მგზავრმა დააგვიანა რეისზე და თვითმფრინავი ბერლინში მხოლოდ 98 მგზავრით გაფრინდა. ვინც დროზე გაიარა პროცედურა და დროზე გამოცხადდა აეროპორტში, ყველა გაფრინდა. თვითმფრინავი 1.5 საათის განმავლობაში ვერ დაუცდიდა მგზავრებს, უკვე დაკეტილი იყო თვითმფრინავი, მოყინვის საწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობდა და მგზავრების მოსვლას ვერ დაელოდებოდა“, - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, „ვიზეარი“ დათანხმდა ამ 87 მგზავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში.

კვირის ამბები