საზოგადოება
17.02.2023 10:57
გორის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, მეორე დღეა მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა

გორის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, მეორე დღეა მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ბარჯაძის თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების წმენდა, რის საფუძველზეც, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეფერხებები არ შექმნილა, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზების მოვლა-პატრონობას ახორციელებენ კონტრაქტორი კომპანიები.

,,უხვთოვლიანობის გამო, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. გზების წმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება გორში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება, შესაბამისად, ქალაქის ტერიტორიაზე შეფერხებები არ გვაქვს. გზები გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა ქალაქის მთავარ ქუჩებზე, ხიდებზე, გზაჯვარედინებზე და შუქნიშნებთა, ასევე სხვა მონაკვეთებზე.

უსაფრთხო გადადგილების უზრუნველსაყოფად გზები იწმინდება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, სადაც აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებენ გზების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიები“, - განაცხადა გიორგი ბარჯაძემ ,,გორის მაცნესთან“.  

კვირის ამბები