სამართალი
16.02.2023 15:19
პოლიციამ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, შიდა ქართლში დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 13 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

რაც შეეხება შიდა ქართლს, უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული გ.ს. და 1998 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ს.-მ ცეცხლსასროლი პისტოლეტები გ.მ.-ზე უკანონოდ გაასაღა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, გასაღების, ასევე, წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, აგრეთვე, სსკ-ის 214-ე მუხლით მიმდინარეობს.

კვირის ამბები