28.01.2020 11:51
ჩვენი კლინიკა, მერიის პატრონაჟით მოივლის ყველა სოფელს და მოსახლეობას ადგილზე შევთავაზებთ სერვისებს - ვასილ ჭეიშვილი
„ჩვენი კლინიკა, მერიის პატრონაჟით მოივლის ყველა სოფელს და მოსახლეობას ადგილზე შევთავაზებთ სერვისებს: ორსულ ქალბატონებს ვასწავლით, როგორ მართონ სწორად ორსულობის პროცესი, მშობლებს ვასწავლით ბავშვების სწორ აღზრდას და ა.შ. ასევე, ძალიან დიდ დახმარებას გავუწევთ შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, ასე რომ, „იავნანა“ პერიოდულად კიდევ ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ,“ - აღნიშნული განცხადება კლინიკა „იავნანას“ დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა კლინიკის განახლებული სერვისების პრეზენტაციისას გააკეთა.
ჭეიშვილმა GMnews-თან საუბრისას ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად სარეაბილიტაციო ცენტრ „ნაბიჯების“ ფარგლებში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის შეთავაზებული სერვისები დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ მერიასთან თანამშრომლობა სხვა ინიციატივებთან დაკავშირებითაც წარმატებით განხორციელდება.
პაატა ივანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე: „აღნიშნული ინიციატივა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, თუმცა, მომართვიანობის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერია კლინიკას კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს დახმარებას, იქნება ეს ტრანსპორტით უზრუნველყოფა თუ ორგანიზაციული საკითხები. მოგეხსენებათ, ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვაა, შესაბამისად, ვფიქრობ, მსგავსი თანამშრომლობები ძალზედ ნაყოფიერი იქნება, მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდში დაუდგება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს დახმარებას ნებისმიერ მსგავს ინიციატივას“.
„იავნანაში“ ამბობენ, რომ მათი სურვილია, მოსახლეობა პრევენციაზე იყოს ორიენტირებული და მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებებს მხოლოდ ავადმყოფობის გართულებული ფორმებით არ აკითხავდნენ.