უხვი ნალექის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის არცერთ სკოლაში გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა და სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, შეფერხებებზე რესურსცენტრში ინფორმაცია არ შესულა გორის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლების საჯარო სკოლებიდანაც.
,,მოგეხსენებათ, გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექი მოვიდა, ზოგ ლოკაციაზე კი, ძირითადად, მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი კიდევ უფრო მეტია, თუმცა, ამ დროისთვის, რესურსცენტრში არცერთი სკოლიდან არ შემოსულა ინფორმაცია გადაადგილებასთან დაკავშირებით შეფერხებებზე და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება გორის მე-10 საჯარო სკოლას, სადაც გათბობის სისტემის რეაბილიტაციის გამო სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, ორშაბათიდან პროცესი განახლდება სკოლის შენობაში“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.