საზოგადოება
15.02.2023 10:45
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმას - უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 15 თებერვალს, მირქმას, ანუ უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.
მირქმა 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40-ე დღეს ტაძარში მიჰყავდათ. ღმერთს კი, მსხვერპლის სახით მდიდრები - კრავს, ღარიბები კი, წყვილ გვრიტს, ან მტრედის ხუნდს სწირავდნენ. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმაც მიიყვანეს ტაძრად და უფალს წყვილი მტრედი შეწირეს. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი ანგელოზის სიტყვისამებრ (იხილავდა ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს) სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი აღესრულა.
საეკლესიო პირები გვირჩევენ, რომ სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმა - შვილები, ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები, ახალშობილ იესოს და წმ. სვიმეონ მიმრქმელს შეავედრონ გარდაცვლილი წინაპრები, ახლობლები და წყალობა სთხოვონ საკუთარი თავის, ოჯახისა და სამშობლოსთვის.

ეკლესიამ 544 წელს დაადგინა, რომ მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა საზეიმოდ აღენიშნათ.

მირქმასთან დაკავშირებით, ქვეყნის მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

კვირის ამბები