27.01.2020 15:05
ოთხშვილიანი ოჯახები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას - 400 ლარს მიიღებენ
2020 წლიდან, ოთხშვილიანი ოჯახები, სოციალური სტატუსის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას - 400 ლარს მიიღებენ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ,,სოციალური დახმარების გაცემის წესში“ ცვლილება განხორციელდა და ოთხშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის აუცილებელი პირობა - 150 000-მდე სარეიტინგო ქულა მოიხსნა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, ზემოსხენებულ ცვლილებამდე, დახმარების მიღება მხოლოდ 150 000 ქულის მქონე ოთხშვილიან ოჯახებს შეეძლოთ. გასულ წელს, აღნიშნული დახმარებით 228 ოთხშვილიანმა ოჯახმა ისარგებლა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 91 000 ლარი გაიხარჯა. 2020 წლის ბიუჯეტში კი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისა და გორის მუნიციპალიტეტში შობადობის ზრდის ხელშეწყობისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტში, 145 000 ლარია გათვალისწინებული. ,,სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ახალი რედაქციის თანახმად, ოთხ და მეტშვილიან ოჯახები, თითოეულ შვილზე, წელიწადში ერთხელ, 100 -100 ლარს მიიღებენ. ის სოციალურად დაუცველი ოჯახები კი, რომელსაც მესამე შვილი შეეძინებათ, ერთჯერადად, 200 ლარს მიიღებენ.
დახმარების მისაღებად, გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ოჯახებმა მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია (მშობლების პირადობის მოწმობები, შვილების დაბადების მოწმობები, ანგარიშის ნომერი) უნდა წარადგინონ.