საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე ქერეს მოსახლეობა სოფლის შესასვლელში, პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან რამდენიმე პრობლემის მოგვარებას ითხოვენ - სოფლისთვის მაღამთიანი ზონის სტატუსის მინიჭებას, სასოფლო გზების მოწესრიგებას, სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობების აშენებას და წყლით სტაბილურად უზრუნველყოფას.
,,არანაირი პირობები არ არის სოფელში, უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, მთის სტატუსი რამდენჯერმე მოვითხოვეთ და ამ დრომდე არ მიანიჭეს ჩვენ სოფელს, მოსაწესრიგებელია გზები, წყალი, ასაშენებელია საბავშვო ბაღი, სკოლა, მიტოვებულები ვართ და ქუჩაში ამიტომ გამოვეთით, რომ ყურადღება მოგვაქციონ“, - აცხადებენ ქერელები.
გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, სოფელში არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, მოსახლეობას რამდენჯერმე შეხვდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უკვე დაწყებულია შესაბამისი ღონისძიებები.
,,ქერელებს არაერთხელ შევხვდით, იდენტიფიცირებულია სოფელში არსებული ყველა პრობლემა და დაწყებულია მუშაობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ამ დროისთვის, უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. სასოფლო და შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გეგმაშია ჩასმული და სრულად მოგვარდება, წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებითაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, ფლავში სამუშაოების დასრულების შემდეგ, სწორედ ქერეში დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. რაც შეეხება სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობებს, აღნიშნულის შესახებ რამდენჯერმე იყო განხილვა შესაბამის უწყებებთან და ეს საკითხი გადაცემულია მუნიციპალური განვითარების ფონდთან. სოფლისთვის მთის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კი მოგახსენებთ, რომ აღნიშნულის განხილვაც დასრულდა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სულ მალე, სოფელი ქერე მაღალი ზონის სტატუსით ისარგებლებს. აქვე გეტყვით, რომ სოფლის მოსახლეობა სარგებლობს სათბობი ვაუჩერებით (200 ლარის ოდებით თითოეულ ოჯახზე), სტუდენტები სარგებლობენ ყველა შეღავათით, რაც გათვალისწინებულია გამყოფ ხაზთან მაცხოვრებელთათვის, ასე რომ, ქერე ნამდვილად არ არის ხელისუფლების ყურადღების მიღმა“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.