კულტურა
10.02.2023 11:43
გორში, ხელოვნების სახლში ომის ფოტოგრაფიის გამოფენა გაიმართება

25-26 თებერვალს, პროექტი Re-Source Ukraine-ის ფარგლებში, Fabrika Tbilisi, გორის ფოტოგრაფთა კლუბი და Magnolia Film Lab ომის ფოტოგრაფიის გამოფენას გორში, ხელოვნების სახლში უმასპინძლებს.

ორგანიზატორთა თქმით, Re-Source Ukraine მიზნად ისახავს იმ უკრაინელი ხელოვანების მხარდაჭერას, რომლებმაც საკუთარი ქვეყანა არსებული ვითარების გამო დატოვეს და საცხოვრებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანას შეაფარეს თავი. საქართველოს გარდა, ექვსი მეზობელი ქვეყანაც იღებს მონაწილეობას (პოლონეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ჩეხეთი, რუმინეთი, მოლდოვა). აღნიშნულ ქვეყნებთან ერთად, Fabrika სხვადასხვა ღონისძიებას 2023 წლის განმავლობაში უმასპინძლებს.

„პროექტის ყველაზე მასშტაბური ღინისძიებაა „უკრაინის თვე“, რომელიც ომის დაწყებიდან ერთი წლის გასვლას აღნიშნავს. მეგობარ ექვს ევროპულ კულტურულ ცენტრში დაგეგმილია ღონისძიებების სერია, რომელიც 24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით უკრაინელი და ადგილობრივი არტისტების მოზიდვას, მათ მხარდაჭერას და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში მათი ნამუშევრების გაზიარებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გორის ფოტოგრაფთა კლუბი ავრცელებს.

„უკრაინის თვის“ ფარგლებში, ომის ფოტოგრაფიის გამოფენზე გორში დამთვალიერებელი იხილავს ადგილობრივი და უკრაინელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 2022 წლის რუსეთ-უკრაინის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომების ფოტოკადრებს.

გამოფენა 25 თებერვალს, 15:00 საათზე გაიხსნება.

კვირის ამბები