გასულ წელს, საცხოვრებელი 3 530 დევნილმა ოჯახმა მიიღო - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საქმიანობა შეაჯამა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საქმიანობა შეაჯამა. უწყების ცნობით, გასულ წელს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 3 530 დევნილმა ოჯახმა მიიღო.
„სოფლად სახლის“ ფარგლებში, 2 588 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კორპუსებში სრულად გარემონტებული ბინა240-მა ოჯახმა მიიღო. სააგენტომ ბინა ადმინისტრაციული დაპირების მქონე 264 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართი 438 ოჯახს დაუკანონდა. დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით კი, იძულებით გადაადგილებული 500-ზე მეტი პირი დაფინანსდა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სააგენტოს დირექტორის ირაკლი მხეიძის თქმით, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება – ახალაშენებულ კორპუსებში ბინა7000 ოჯახს გადაეცემა, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში კი 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება, რის შედეგადაც მძიმე პირობებში არცერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს.