მას შემდეგ, რაც გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტი დატოვა, გორსა და კასპს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარი აღარ ჰყავს.
რა შემთხვევაში ტარდება შუალედური არჩევნები და როგორ განისაზღვრება არჩევნების ჩატარების დრო.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 198 -ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: ,,მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით.
თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები არ იმართება".
გიორგი ხოჯევანიშვილმა მანდატის დატოვების შესახებ მიმდინარე წლის 6 თებერვალს განაცხადა, შესაბამისად, კოდექსის თანახმად, გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა დაინიშნოს, თუმცა, როგორც ,,გორის მაცნეს" საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოდან ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.