სპეციალური ოპერაციების ძალები 18-დან 30 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს 8-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლას სთავაზობს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეს, კურსის დასრულების შემდეგ, საშუალება მიეცემა გაიაროს რეინჯერის, საპარაშუტო და სპეციალური დანიშნულების კურსები, ხოლო წარმატებული კურსანტები სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლები გახდებიან და საწყისი დარიცხული ხელფასი 1530 ლარი ექნებათ.
„რეინჯერის კურსის გავლის შემდეგ, დანამატი 250 ლარია, ხოლო რეინჯერის და სპეციალური დანიშნულების კურსის გავლის შემდეგ, დანამატი - 750 ლარი. პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედროები ერთჯერადი დანამატის სახით 5000 ლარს მიიღებენ; მომდევნო 2-წლიანი კონტრაქტისას - 3 000-სს, ხოლო 4-წლიანი კონტრაქტისას - 8 000 ლარს.
ანაზღაურება წოდების, თანამდებობის და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება; მებრძოლები უზრუნველყოფილი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობითა და მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით. სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსზე“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლასთან დაკავშირებით რეგისტრაცია მიმდინარეობს ლოკაციებზე: გორი, თბილისი, თელავი, სენაკი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, მუხროვანი.