საზოგადოება
08.02.2023 15:48
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადები 24 თებერვლის ჩათვლით მიიღება

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება.  წლის განმავლობაში განაცხადების მიღება ორ ეტაპად გამოცხადდება და ჯამში, გრანტი 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. გორში მცხოვრებმა დაინტერესებულმა პირებმა, საჭირო დოკუმენტაცია სამების ქ. N1-ში უნდა წარადგინონ.

განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info @ idp. gov. ge (PDF-ის ან Word-ის დოკუმენტის სახით).

 

 

კვირის ამბები