ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ჯანსაღი და კომფორტული გარემო, ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გორში 180 აღსაზრდელზეა გათვლილი, - ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა. მიხეილ შაყულაშვილის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია შიდა ქართლსაც მოიცავს. გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე ახლადაშენებული საბავშვო ბაღი დღეიდან სრული დატვირთვით მოემსახურება პატარებს. თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა 180 აღსაზრდელზეა გათვლილი და 6 ჯგუფი იფუნქციონირებს. საბავშო ბაღის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,დღეს, გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე, ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გავხსენით. ვულოცავ პედაგოგებს და აღსაზრდელებს. ამიერიდან, პატარები და პედაგოგები სასწავლო პროცესს კეთილმოწყობილ შენობაში გააგრძელებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ჯანსაღი და კომფორტული გარემო. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივა შეეხება შიდა ქართლის რეგიონსაც", - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა. მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულება მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, ამასთანავე, მოეწყო ეზო და დამონტაჟდა ატრაქციონები.