სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით, გორში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ოფიციალურად გაიხსნა
„აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით გორში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნ“ ოფიციალურად გაიხსნა.
„აწარმოე საქართველოში“ თანადგომით შექმნილ სასტუმროში, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის 120 ნომერს აერთიანებს, 100-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდა. „ინნ ჯგუფმა“ სასტუმროში 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
„ინნ ჯგუფის“ წარმატებით განვითარება ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ ვითარდება ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერით. კერძოდ, ჩვენი სააგენტოს სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში მიღებული დახმარებით, „ინნ ჯგუფმა“ ბაკურიანის, ქუთაისისა და გუდაურის შემდეგ, ამჯერად გორში გახსნა მაღალი კლასის, პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. დარწმუნებული ვარ, მომავალში კვლავ გავაგრძელებთ ერთად საქართველოს სხვა ქალაქებისა და რეგიონების მოცვას“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
გახსნის ღონისძიებაში სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მონაწილეობდნენ.
„აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში, 200-ზე მეტი სასტუმროა დაფინანსებული.