რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილო გზების 10 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაადგილებაზე რეგულაციები ამოქმედდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ამ დროისთვის მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
- გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური –კობის მონაკვეთებზე, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
- ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
- ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
- ინტენსიური თოვის, ლიპყინულის და დაბალი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
- რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (თოვლი, ქარბუქი, ცუდი ხილვადობა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზისა და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
- ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილზე და ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
- ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გომი-საჩხერის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
- შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
- შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მელე-ლასდილის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
- დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე, საავტომობილო გზის ჯვარი-კალას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები განუწყვეტლივ მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.