საზოგადოება
07.02.2023 11:17
თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4500-სს გადააჭარბა, თურქეთში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა

4500-ზე მეტი დაღუპული, 20 000-მდე დაშავებული, დანგრეული შენობები, განადგურებული ინფრასტრუქტურა - ამგვარია თურქეთსა და სირიაში გუშინ მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ზიანი.

სამაშველო ღონისძიებები მეორე  დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა 7840 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, პარალელურად, ნანგრევებიდან გამოაქვთ გარდაცვლილთა ცხედრები.

შეგახსენებთ, გუშინ დილით თურქეთის ქალაქ გაზიანთეფთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 100-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 5-6 მაგნიტუდის და მეტი სიმძლავრის ბიძგები კვლავ მოსალოდნელია.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგები მუდმივ საფრთხეს უქმნის სამაშველო ჯგუფებსა და გადარჩენილებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განაცხადებით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, რვაჯერ გაიზარდოს.

თურქეთში მიმდინარე სამაშველო ოპერაციებში ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძე-მაშველთა ჯგუფი.

შსს-ს ინფორმაციით, ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.

კვირის ამბები