შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები და ოთხივე მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა.
სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი განიხილეს, მათ შორის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებისას გამოკვეთილი საკითხები, სატრანსპორტო მიმართულება, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიანთკარში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა, ქალაქების მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, რეგიონის ტურისტული ლოკაციების მოწესრიგება და ტურისტული სეზონისთვის მზადყოფნა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარეობს.
„მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებულ მუშაობას და მათთან ეფექტურ კომუნიკაციას“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.