CNN-ის ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 2500-მდე ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათასობით ადამიანი. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია არაერთ ლოკაციაზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაღუპულთა შორის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა.
,,თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედ საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით.
საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან",- აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა, მეორე დაღუპულის შესახებ კი მოგვიანებით გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, სხვა ქვეყნებთან ერთად, სამაშველო ოპერაციებში თურქეთს საქართველოც ეხმარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა და გაემგზავრნენ მაშველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში დღეს ორჯერ მოხდა - გამთენიისას და შუადღით, 15 საათზე. ბიძგების სიმძლავრემ 7,5-7,8 მაგნიტუდა შეადგინა.
თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 2 900-მდე შენობა ჩამოინგრა.