გამყოფ ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის სიახლოვეს მდებარე სხვილოს ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლის აღდგენის პროექტის პრეზენტაცია, დღეს დილით, უშუალოდ ციხესიმაგრის ტერიტორიაზე გაიმართა. სხვილოს ციხეზე, ჟურნალისტები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პირადად მიიპატიჟა და სამოქმედო გეგმა გააცნო.
GMnews -ის ინფორმაციით, ისტორიული ძეგლის აღდგენითი სამუშაოების სარეაბილიტაციო პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ჯერზე, ციხის მიმდებარე ტერიტორია ბიო საფარის, ნაგვისა და მიწისგან გაიწმინდება. შემდეგ კი, გადაირჩევა ჩამოშლილი ქვები, რომლებიც კედლების კონსერვაციისთვის გამოიყენება.
ცნობისთვის, სხვილოს ციხე XIV საუკუნეში აგებული ციხესიმაგრეა, თუმცა, ისტორიულ წყაროებში („მატიანე ქართლისა“ (XI ს.), აღნიშნულ ტერიტორიაზე ციხის არსებობა გაცილებით ადრეა ნახსენები. სხვილოს ციხეს, 2006 წელს, მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლის სტატუსი დაეროვნული კატეგორიის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.