რამდენიმე წუთის წინ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარასთან ახლოს დაფიქსირდა. სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დღეს დილით მომხდარი 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად თურქეთის 10 ქალაქი დაზარალდა:
მისი თქმით, დაზარალდა ქალაქები გაზიანთეფი, ქაჰრამანმარაში, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და ქილისი, ცოტა ხნის წინ ქაჰრამანმარასთან ახლოს მომხდარი მიწისძვრის სედეგად კი, კიდევ დაემატა ზარალი რამდენიმე დსასახლებულ პუნქტში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის სედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.