ევროკომისიის და ევროკავშირის წარმომადგენლები გორში იმყოფებოდნენ.
ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ეკონომიკური ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიანა იაბლონსკამ და ევროკომისიისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა, გორში, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში ლომჭაბუკის მონუმენტის, სკვერის და ამავე ტერიტორიაზე არსებული შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე მოეწყო გორისციხის ირგვლის საფეხმავლო ბილიკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორისციხის მიმდებარედ არსებულ რუსთაველის მემორიალს და სკვერს.
ამასთანავე, ლომჭაბუკის სკვერში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე კი სახელოსნოები აშენდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორის ძველ, ისტორიულ ხიდსაც.
პროექტის საერთო ბიუჯეტი 958 836 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან გრანტის სახით 600 000 ევრო გამოიყო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 358 836 ევროს შეადგენს.
ევროკომისიის და ევროკავშირის წარმომადგენლებს შიდა ქართლის გუბერნატორმა, გორის მერმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ უმასპინძლეს.
,,ბედნიერები ვართ, რომ დღეს აქ ვართ, ევროკავშირი ზრუნავს და დიდ ძალისხმევას დებს რეგიონების განვითარებაში და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ხელშეწყობით განხორციელებული პროექტები ხალხისთვისაა, მორგებულია მათ საჭიროებებზე და უკეთესობისკენ შეცვლის მათ ცხოვრებას. პროექტის ფარგლებში მოწყობილი ბილიკით ჩვენ დავათვალიერეთ გორისციხე - მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და დარწმუნებული ვარ, ამ ბილიკით საქართველოს არაერთი მოაქალაქე ისარგებლებს. ასევე დავათვალიერეთ ტურიზმის და ახალგაზრდობის ცენტრები და დარწმუნებულები ვართ, ამგვარი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოების და მუნიციპალიტეტის განვითარებას“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა დიანა იაბლონსკამ.
,,არაერთი პროექტი განხორციელდა გორში ევროკავშირის თანადაფინანსებით, მათ შორის ისეთი პროექტები, როგორიცაა ლომჭაბუკის სკვერი, გორისციხესთან მისასვლელი ბილიკი, გზა, ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებული სივრცე, ძველი ხიდი და ა. შ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა უფროდაუფრო ღრმავდება და გვაქვს მოლოდინი, რომ მოამავალში კვლავ განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც წაადგება როგორც გორს, ასევე რეგიონს“, - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა.