სპორტი
03.02.2023 13:06
დღეს, გორში, სტარტს აიღებს მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

3-5 თებერვალს, გორში, ბადრი ბარამიძის და ომზარ შოშიტაიშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ჩატარდება თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრებას შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზი უმასპინძლებს.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ტურნირში 2011-2012 წ.წ. დაბადებული მოჭიდავეები იასპარეზებენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. სპორტსმენები პირველობისთვის 13 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ.

დღეს, 3 თებერვალს, 17-საათიდან ჩატარდება სპორტსმენთა აწონვები, 4 თებერვალს, 10-საათიდან ყველა წონით კატეგორიაში დაიწყება ასპარეზობა, ფინალური ბლოკის პაექრობები კი 5 თებერვალს 10 საათიდან დაიწყება.

ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ტურნირი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.

შეგახსენებთ, შეჯიბრებას საფუძველი შარშან ჩაეყარა და წელს მეორედ იმართება.
კვირის ამბები