საზოგადოება
03.02.2023 11:45
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა - ცნობილია 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები

გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2023 წელს დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობის საერთო კრებებს ყველა სოფელში პირადად დაესწრო და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან უშუალოდ მოისმინა.

„გარეგანათების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, შემოღობვის სამუშაოები, სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა - იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2023 წელს განხორციელდება“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება.

კვირის ამბები