წუხელ მოსული თოვლის გამო გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ უბნებზე ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოები განხორციელდა. GMnews გორის საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა. მალხაზ ლალებაშვილის თქმით, წუხანდელი თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მუნიციპალიტეტის გზებზე განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნილა.
„წუხანდელი ნალექისა და ყინვის გამო, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას საავტომობილო გზებზე გადაადგილების პრობლემა არ შექმნია. არის გარკვეული უბნები გზებზე, სადაც საჭირო გახდა ტექნიკური მარილის დაყრა და ეს სამუშაოები ღამისა და დილის საათებში ოპერატიულად განხორციელდა. ამჟამადაც, გორი-ნიქოზისა და გორი-ერგნეთის მიმართულებით გასულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა, რომ საჭიროების შემთხვევაში, გზების მარილით დამუშავება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს. მერის წარმომადგენლები, კონკრეტულ სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე გვაწვდიან ინფორმაციას და შესაბამისი სამუშაოებიც ოპერატიულად ხორციელდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წუხანდელი თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მუნიციპალიტეტის გზებზე განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნილა,“ - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, მალხაზ ლალებაშვილმა.