საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს.
იმ პირებს კი, რომლებსაც ლოჯისტიკის, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საინჟინრო და ქიმიური, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობის შესაბამისი განათლება ან გამოცდილება გააჩნიათ, სამხედრო სამსახურში ჩართვა 45 წლის ჩათვლით შეუძლიათ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT-2თვე) განმავლობაში, დაინტერესებული პირები 500 ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ და უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით.
„სამსახურში გადანაწილების დროს, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1530 ლარს. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობის და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 5 000 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): 2-წლიანი კონტრაქტისას 3 000 ლარი, 4-წლიანი კონტრაქტისას 8 000 ლარი.
საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეძლებს უცხო ენების შესწავლას, საკარიერო კურსებში მონაწილეობას საზღვარგარეთ და დამატებით პროფესიების დაუფლებას. გარკვეული პრივილეგიებით და შეღავათებით ისარგებლებენ მათი ოჯახის წევრებიც“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.