სამართალი
01.02.2023 13:33
დასკვნით ეტაპზე ვართ გადასულები და შესაბამისად, ნაფიცი მსაჯულები, სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას - პროკურორი

კარბში, მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას გარდაცვლილი 33 წლის ლევან გვიმრაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში დილის 11 საათიდან მიმდინარეობს.

ნაფიცი მსაჯულები ბრალდებულის მიმართ ვერდიქტს, სავარაუდოდ, დღეს გამოიტანენ.

ბრალდებული გარდაცვლილის თანასოფლელი 68 წლის ქალია.

ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბრალდებულია დასაკითხი, ბრალდებულს ჯერჯერობით ჩვენება არ მოუცია, - ამის შესდახებ საქმის პროკურორმა ია მეფარიშვილმა განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, ნაფიცი მსაჯულები, სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას.

,,დასკვნით ეტაპზე ვართ გადასულები და შესაბამისად, ნაფიცი მსაჯულები, სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბრალდებულია დასაკითხი, ბრალდებულს ჯერჯერობით ჩვენება არ მოუცია“, - განაცხადა ია მეფარიშვილმა.

როგორც გარდაცვლილი ლევან გვიმრაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ნაფიცი მსაჯულებისგან უმკაცრეს გადაწყვეტილებას და სასჯელის მაქსიმუმს ელიან.

შეგახსენებთ, შემთხვევა 2022 წლის 10 ივლისს მოხდა. მეზობლებს შორის სარწყავ წყალზე მომხდარი ჩხუბის დროს, ასაკოვანმა ქალმა მეზობელ მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქალა-ტვინის ტრავმის გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმების თქმით, მიღებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და ჩატარებული ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

კვირის ამბები