საზოგადოება
01.02.2023 12:16
კარბში, მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას გარდაცვლილი 33 წლის ლევან გვიმრაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ განახლდა სოფელ კარბში, მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას გარდაცვლილი 33 წლის ლევან გვიმრაძის საქმეზე მიმდინარე პროცესი.
ნაფიცი მსაჯულები ბრალდებულის მიმართ ვერდიქტს, სავარაუდოდ, დღეს გამოიტანენ.
ბრალდებული გარდაცვლილის თანასოფლელი 68 წლის ქალია.
როგორც გარდაცვლილი ლევან გვიმრაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ნაფიცი მსაჯულებისგან უმკაცრეს გადაწყვეტილებას და სასჯელის მაქსიმუმს ელიან.
საქმის პროკურორის, ია მეფარიშვილის განცხადებით, ბრალდებულს ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია.
,,დასკვნით ეტაპზე ვართ გადასულები და შესაბამისად, ნაფიცი მსაჯულები, სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბრალდებულია დასაკითხი, ბრალდებულს ჯერჯერობით ჩვენება არ მოუცია“, - განაცხადა ია მეფარიშვილმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა 2022 წლის 10 ივლისს მოხდა. მეზობლებს შორის სარწყავ წყალზე მომხდარი ჩხუბის დროს, ასაკოვანმა ქალმა მეზობელ მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქალა-ტვინის ტრავმის გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმების თქმით, მიღებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და ჩატარებული ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.
კვირის ამბები