სამართალი
01.02.2023 09:41
კარბში, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას გარდაცვლილი ლევან გვიმრაძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს სავარაუდოდ დღეს მიიღებენ

სოფელ კარბში, მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას გარდაცვლილი 33 წლის ლევან გვიმრაძის საქმეზე გორის რაინულ სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები  ვერდიქტს სავარაუდოდ დღეს გამოიტანენ.

ბრალდებული გარდაცვლილის თანასოფლელი 68 წლის ქალია, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 2022 წლის 27 ივლისს შეუფარდა.

შემთხვევა 2022 წლის 10 ივლისს მოხდა. მეზობლებს შორის სარწყავ წყალზე მომხდარი ჩხუბის დროს, ასაკოვანმა ქალმა მეზობელ  მამაკაცს თავში სავარაუდოდ ქვა ჩაარტყა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქალა-ტვინის მძიმე ხარისხის ტრავმის გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმების თქმით, მიღებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და ჩატარებული ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გორის რაიონულ სასამართლოსთან 26 იანვარს აქცია გამართეს მოთხოვნით - ,,დაისაჯონ მკვლელები“.

გვიმრაძის ოჯახის წევრების მტკიცებით, ბრალდებული ქალის გარდა, აღნიშნულ დაპირისპირებაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხიც არ დამდგარა.

გარდაცვლილის ნათესავები მუხლის გადაკვალიფიცირებას და დაკავებულისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვენ.

კვირის ამბები