საზოგადოება
24.01.2020 11:27
როგორ გამოიყურება დათოვლილი ახალბაღი

გორში მოთოვა, ქალაქის მაცხოვრებელთაგან ბევრი ქუჩებში სეირნობდა, ბევრმა კი,  უთოვლო ზამთრის პირობებში გადანახული ციგებით ახალბაღს მიაშურა. რამდენიმე თოვლის პაპა კულტურისა და დასვენების პარკში ახლაც დგას და უკვე პლიუს ტემპერატურის მზეს ეფიცხება.

გორის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის დასვენების და თავშეყრის ადგილს ძველად სწორედ ლიახვისა და მტკვრის შესართავთან გაშენებული პარკი წარმოადგენდა. პარკი, რომლის გაშენებაც XIX  საუკუნის 70-იან წლებში დაწყებულა, 24 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავდა.

მე-19 საუკუნის მიწურულს, 1898 წელს, წყალდიდობას მთლიანად წაულეკავს გორელებისთვის საყვარელი ადგილი. განადგურებული პარკის აღდგენა მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდობის თაოსნობით მომხდარა. ინიციატორი კი, არტილერიის ოფიცერი ვ. ენგელმანი ყოფილა. აღნიშნული ბაღის აღდგენა-მშენებლობაში დიდი წვლილი შეუტანია ივანე ამილახვარს, ამიტომ, როცა პარკი აკურთხეს - 1904 წლის 8 აგვისტოს, ქალაქის გამგეობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამ ადგილისთვის ,,ამილახვრის ბაღი“ ეწოდებინათ.

მოგვიანებით კი, მტკვრისა და ლაიხვის შესართავთან გაშენებულ ბაღს გორელებმა ,,ახალბაღი“  უწოდეს და დღემდე ამ სახელით მოიხსენება.

კვირის ამბები