გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შშმ და სამშვიდობო მისიების დროს დაჭრილმა პირებმა ეტლით თხილამურის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა.
მამაკაცებს შორის ჩემპიონატი - „ბაკურიანი - 2023“ დაბა ბაკურიანში წელს მეოთხედ გაიმართა.
ჩემპიონატში, გორელების გარდა, თბილისის, მარნეულის, ზუგდიდის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ბაკურიანში გამართულ ჩემპიონატში სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50-მა პირმა მიიღო მონაწილეობა.
„ღონისძიება პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც რამდენიმე წელია ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.
პროექტის ფარგლებში, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, წლის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და „ახალგაზრდული მედია - კავშირის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.