გორში ძველ ხიდს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს, სრული რეაბილიტაცია უტარდება
ძველ ხიდის სრული რეაბილიტაცია მალე დასრულდება. ხიდის პირველი მალის რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის ტენდერია გამოცხადებული, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 311 350 ლარია, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ხიდის სარებილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრანტით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გასულ წელს განხორციელდა.
ამ ეტაპზე, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე, მდინარე მტკვრის კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხიდი სამეფო ქუჩის დასაწყისში, მდინარე მტკვარზე მდებარეობს და ქალაქის სხვა უბნებს რკინიგზის სადგურის დასახლებასთან აკავშირებს. ობიექტი სამმალიან მონოლითურ რკინა-ბეტონის კონსტრუქციას წარმოადგენს და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს. მისი სიგრძე - 146, ხოლო სიგანე 7,7 მეტრია.
შეგახსენებთ, რომ ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერია გურამიშვილის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც აღნიშნულ სანაპიროს მიუყვება, ბულვარის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს.