საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც უდიდეს პერსონალურ სტრესთან, სოციალური აქტივობის წყვეტასთან და ქალების, მათი ოჯახების, ასევე, ჯანდაცვის სისტემების ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ექიმების თქმით, საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი ეთიოლოგიური ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში.
დღეს არსებული მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინით, ხოლო ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, მისი განკურნებაც შესაძლებელია.
მედიკოსების თქმით, აპვ საწინააღმდეგო ვაქცინაციას და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს შეუძლია კიბოს პრევენცია, ხოლო დროული და ეფექტური სამედიცინო ინტერვენციებით კი შესაძლებელია შევამციროთ და საბოლოოდ აღმოვფხვრათ საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა. ასევე, რეგულარული სკრინინგი, ადრეული დიაგნოზი და დროული მკურნალობა გზაა საშვიოსნოს ყელის კიბოს განკურნებისკენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, ეროვნული პროგრამის ფარგლებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისთვის.