საზოგადოება
23.01.2020 16:00
„ინკუნაბულა“ გორის მუნიციპალიტეტში - წიგნები და კომპიუტერული ტექნიკა სკოლის მოსწავლეებს
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გორის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის - შავშვებისა და არბოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები და კომპიუტერები გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს: „დიდი ამბები გრძელდება: გორის რაიონი, სოფლები - შავშვები და არბო. ასობით ახალი წიგნი, კომპიუტერები და პრინტერები, და ეს ყველაფერი ჩვენი ახალი პარტნიორების დახმარებით - პარლამენტის სტაჟიორებმა შეიმუშავეს სოციალური პროექტი - „ინკუნაბულა“, სწორედ მათი დახმარებით და მათთან ერთად ვესტუმრეთ ამ შესანიშნავ ბავშვებს“, - წერს გიორგი კეკელიძე.
შავშვების საჯარო სკოლის ხელმძღვანელი GMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ საჩუქრად ნამდვილად მნიშვნელოვანი ლიტერატურა მიიღეს. „ყველა ძალიან კმაყოფილი ვართ ამ ვიზიტით. გადმოცემულ წიგნებს შორის გახლავთ როგორც მხატვრული, ასევე, ისტორიულ-შემეცნებითი ლიტერატურა. დაახლოებით, 200 წიგნი გადმოგვეცა და ამავდროულად, გვაჩუქეს კომპიუტერი და პრინტერიც. მართალია, საკმაოდ მცირე ზომის სამკითხველო ოთახი გვაქვს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, მოსწავლეები აქტიურად ესტუმრებიან სამკითხველოს და ახალი წიგნები არ დაიმტვერება“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას მარინე მჭედლიძემ.
შავშვების საჯარო სკოლაში 196 მოსწავლე ირიცხება.
კვირის ამბები