საზოგადოება
30.01.2023 12:06
შიდა ქართლში ზედა რუს სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლში ზედა რუს სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქვემო ნიქოზის, საქაშეთის, საქაშეთის დევნილთა დასახლების, ფხვენისის, შინდისის, ვარიანის, სასირეთის, არაშენდას, რუისის, ურბნისის, ბრეთის მეურნეობის ნაწილის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებზე (ჯამში 2500 ჰექტარი) სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან თენგიზ ნასარიძესთან და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მენეჯერთან ლალი დურმიშიძესთან ერთად გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯამში, 52 კმ სიგრძის მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი არხების აღდგენასა და მონოლითური რკინაბეტონით მოპირკეთებას, 7 კმ-მდე დახურული ქსელის მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.

24 მლნ ლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კვირის ამბები