გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მკვიდრის, დალი ელიზბარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება გადაკვალიფიცირდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და ამ ეტაპზე გამოძიება ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.
გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს, ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე საათის შემდგომ, ქალი ზემოთ ხსენებულ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავებმა ბრალდებული 27 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ამ ეტაპზე ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თავდაპირველად, როდესაც გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, ელიზბარაშვილის ოჯახის წევრები ახალსოფელში აცხადებდენენ, რომ გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი, სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა და თავდაპირველ ვერსიას უნდობლობას უცხადებდნენ.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ელიზბარაშვილი ჯერ თურქეთში, ბოლო პერიოდში კი ბათუმში მუშაობდა და არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, ჰქონდა თუ არა ვინმესთან კონფლიქტი და რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხდარის მიზეზი.