საზოგადოება
23.01.2020 14:28
54 გამოგონების ავტორი გორელი 100 წლის გახდა

გორის საპატიო მოქალაქეს, გამომგონებელსა და პოეტს, იროდიონ ტაბატაძეს 100 წელი შეუსრულდა. უხუცესს იუბილე გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოადგილესთან, პაატა ივანიშვილთან და საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. კონსტანტინე თავზარაშვილმა დამსახურებულ ვეტერანს სოციალური პროგრამით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში, 1000 ლარიანი ვაუჩერი და მადლობის სიგელი გადასცა. ცნობისთვის, იროდიონ ტაბატაძე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, რომელსაც ღამის საათებში ყველაზე მეტი ფრენა აქვს შესრულებული. სხვადასხვა დროს, ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად, დაპატენტებული აქვს 54 გამოგონება და მინიჭებული აქვს ,,ადგილობრივი ლიდერი გამომგონებლის“ წოდება. უნდა აღინიშნოს, რომ იროდიონ ტაბატაძე 2008 წლიდან ღირსების ორდენის კავალერი, 2013 წლიდან კი, გორის საპატიო მოქალაქე გახლავთ. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესთა დახმარება, ერთჯერადად, 1000 ლარის ოდენობით, გორის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების გაცემის წესის მე-13 მუხლითაა გათვალისწინებული. 2019 წელს, აღნიშნული დახმარებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა სამმა უხუცესმა ისარგებლა.

კვირის ამბები