გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარსა და კარალეთში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მგლები რამდენჯერმე დაესხნენ თავს ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ პირუტყვს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კარალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის, იოსებ ჩალაურის განცხადებით, აღნიშნულ სოფლებში მტაცებელი ოთხ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და ვირს დაესხა თავს. ,,მგელი ჯერ პატარა გარეჯვარში გამოჩნდა და ვირს დაესხა თავს, შემდეგ, ამავე სოფელში, ადგილობრივი მოსახლის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შეჭამა, შემდეგ კი, კიდევ ერთი ხბო დაგლიჯა. ამჟამად კიდევ ერთი ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ამჯერად უკვე კარალეთში. თითქმის 10 წელია, ანუ ომის შემდეგ, მდინარე აძურას ხეობაში მგლები პერიოდულად ჩნდებიან, არაერთხელ შენიშნა მოსახლეობამ, თუმცა, აქამდე ასეთი აგრესიულები არ ყოფილან, ალბათ ამ წლების განმავლობაში გამრავლდნენ. სავარაუდოდ, სწორედ მდინარე აძურას ხეობაში ბინადრობენ“, - განაცხადა იოსებ ჩალაურმა.