საზოგადოება
25.01.2023 16:01
გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსებები გაიზრდა
2023 წელს, გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ზოგიერთი მუხლით გათვალისწინებული დაფინანსებები გაიზრდა, ზოგიერთ მუხლს კი მოსარგებლეთა კატეგორიები დაემატა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.

კერძოდ, გაიზარდა: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო კვლევების, მედიკამენტების, მიუსაფარი ადამიანების ქირით უზრუნველყოფის ხარჯები; ასევე, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახებისა და ომის მონაწილეების ერთჯერადი დახმარება; მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება; სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა) ადამიანების ერთჯერადი დახმარება; 2022 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფი ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება; რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება (თანადაფინანსებით).

ამასთანავე, გაიზარდა სოციალური პროგრამის ორი მუხლის მოსარგებლეთა კატეგორიების რაოდენობაც.
„გასული წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს სწავლის ღირებულება დაუფინანსდება იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ 50%-იანი და 70%-იანი სახელმწიფო გრანტი.
წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსები დაუფინანსდებათ (2000 ლარის ოდენობით) აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების კიდევ ერთ კატეგორიას (კოდი - F84.9 განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი).

შესაბამისი დოკუმენტი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები