გორის მუნიციპალიტეტის მერია დედ-მამით ობოლ და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვებს ფინანსურად დაეხმარება
გორის მუნიციპალიტეტის მერია დედ-მამით ობოლ ბავშვებს გარკვეული თანხით დაეხმარება, ადგილობრივი თვითმმართველობა ასევე დააფინანსებს ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებსაც.
GMnews-ის ინფორმაციით, ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება 350 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
რაც შეეხება დედ-მამით ობოლი ბავშვებისა (0-დან 18 წლამდე) და იმ ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარებას, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, მათზე წელიწადში ერთხელ 1000 ლარი გაიცემა.
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.